აქ შენი მომავალია!

მოხალისეთა ორგანიზაციამ კოლეჯ „აისში“ გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები მოაწყო

მოხალისეთა ორგანიზაციამ კოლეჯ „აისში“ გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები მოაწყო

მოხალისეთა ორგანიზაციამ - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, კოლეჯ „აისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალური გამოფენა და პრაქტიკული აქტივობები გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და კოლეჯის პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ორგანიზაციის საქმიანობასა და იმ მიმართულებებს, რომლებშიც მოხალისეები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის სასწავლო აღჭურვილობა და ინვენტარი -საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფის სპეც-აღჭურვილობა, სამაშველო და თვითგადარჩენის, პირველადი სამედიცინო დახმარების, ტოპოგრაფიის, საინჟინრო მომზადებისა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მიმართულებით. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს თითოეული მიმართულების დანიშნულება და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები.

აქტივობის დაწყებამდე, ორგანიზაციის თანამშრომელმა და „სამხედრო საქმის“ პედაგოგმა მამუკა მაღრაძემ მონაწილეებს საველე სამზარეულოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი ფუნქციონირების სპეციფიკაზე ისაუბრა.

გამოფენასთან ერთად მოეწყო საველე სამზარეულო KP-130, სადაც ორგანიზაციისა და კოლეჯის სპეციალისტებმა ერთობლივად მოამზადეს სადილი. აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „აისის“ კულინარიის ხელოვნების პედაგოგმა, ილია პიტიურიშვილმა საველე სამზარეულოს კურსი ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე გაიარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: კოლეჯის „აისი“ დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი; მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი, დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა.

კოლეჯისა და მოხალისეთა ორგანიზაციის ერთობლივი სწავლების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს ორგანიზაციისა და პარტნიორი მხარეების თანამშრომლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს, როგორც სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვა, ისე ამ პროცესში ჩართული პირებისა და დაზარალებული მოსახლეობის ცხელი საკვებით უზრუნველყოფა.