კოლეჯში მიღება
- მთავარი
- კოლეჯში მიღება
კოლეჯში მიღება
კოლეჯში მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვის მიზნით, საჭიროა რეგისტრაცია vet.emis.ge-ზე, სადაც ირჩევთ სასურველ პროგრამას. რეგისტრაციის დროს დაგჭირდებათ პირადი ნომერი და ელ.ფოსტა.
აპლიკანტს უფლება აქვს ერთდროულად აირჩიოს მაქსიმუმ 3 პროგრამა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის სასურველი პროგრამის სასარგებლოდ.
პირს, რომელსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო სისტემაში გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია.
საქართველოში პროფესიული განათლების სისტემაში სამი ტიპის პროგრამა არსებობს - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო.
საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება დუალური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - კომპანიაში.
პირველი ორი სახის პროგრამაზე, საბაზო და საშუალო პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვა მოხდება კოლეჯებში შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რა ფორმით იქნება შერჩევა, ამას თავად დაწესებულება ადგენს. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვას, აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შერჩევა საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის. ე.წ. დუალური სწავლების ფორმით პროგრამის განხორციელებისას სტუდენტს ერთობლივად არჩევენ საგანმანათლებლო დაწესებულება და დამსაქმებელი – კომპანია.
პროფესიული ტესტირების ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. უცხო ენაზე პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, შემდგომ კი სწავლას გააგრძელებს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.
შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, აუცილებელია აპლიკანტის მიერ არჩეულ დაწესებულებაში საბუთების წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება სტუდენტის სტატუსის მოპოვების მიზნით.
კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4; პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება; წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
არასრულწლოვანმა აპლიკანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს: დაბადების მოწმობის ასლი; მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ დაწესებულებებს დარჩათ ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) ასახული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების თაობაზე ხელმისაწვდომი გახდება იმ აპლიკანტებისთვის რომლებმაც ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება. ასეთ აპლიკანტებს შესაძლებლობა ეძლევათ სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ასახულ ვაკანტურ ადგილებზე ხელახლა გააკეთონ არჩევანი გამოთავისუფლებული ადგილების არსებობის შემთხვევაში და დადგენილი წესით მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.