პროფესიული პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კოლეჯმა „აისი“ შეხვედრები სოფელ სამთაწყაროში გამართა

კოლეჯი „აისი“, კახეთის რეგიონში, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, რომლის მიზანია, პროფესიული პროგრამების ცნობადობის ამაღლება და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სოფელ უდაბნოს შემდეგ, შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში გაიმართა. კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, თამარ გეთიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯში ისწავლება. მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, კაჭრეთის ბაზაზე არსებულ სტუდენტთა კამპუსზე, სადაც შექმნილია უსაფრთხო, კომფორტული და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ან რეგიონიდან ჩამოდიან და სწავლის პერიოდში სჭირდებათ საცხოვრებელი.
შეხვედრაზე ვეტერინარიისა და მეფუტკრეობის პროფესიული პროგრამები წარადგინეს შესაბამისი მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლებმა: სერგო სიმონიშვილმა და მარინე გოგილაშვილმა. მათ დამსწრეებს გააცნეს პროგრამების შინაარსი, სწავლების შესაძლებლობები და პროფესიული განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ კოლეჯის სხვადასხვა პროგრამების სტუდენტთა ხელით შექმნილი ნამუშვრები. შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები. მონაწილეებს გადაეცათ კოლეჯის ბრენდირებული სიმბოლური საჩუქრები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები აძლიერებს კოლეჯისა და ადგილობრივი თემის თანამშრომლობას და ხელს უწყობს განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.


