აგრარული და გარემოსდაცვითი პროგრამების მიმართულებით კოლეჯი „აისი“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ითანამშრომლებს
აგრარული და გარემოსდაცვითი პროგრამების მიმართულებით კოლეჯის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, კოლეჯმა „აისი“, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯის „აისი“ დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მონაწილეობას მიიღებს კოლეჯის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში და ფორუმებში; უზრუნველყოფს კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობას; მონაწილეობას მიიღებს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალი სასწავლო მოდულების შექმნის ან არსებულის განახლების პროცესში. ცენტრი უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა, კოლეჯის ინფრასტრუქტურა; აგრარული და გარემოსდაცვითი პროგრამების სასწავლო ბაზები და სტუდენტთა პანსიონი დაათვალიერეს.
