გამოცდილების გაზიარების მიზნით, ფრანგი სტუდენტები კოლეჯ „აისს“ სტუმრობდნენ
კოლეჯი „აისი“, საფრანგეთის ქალაქ ნიცას პოლ ოჟიეს სახელობის ლიცეუმისა და ქალაქ ტულონის ან-სოფი პიკის ლიცეუმის ხუთ სტუდენტს; მობილობის საერთაშორისო მენეჯერსა და მასწავლებელს ერთი კვირის მანძილზე მასპინძლობდა.
უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს კოლეჯის პროფესიული პროგრამების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. როგორც მასპინძლების, ასევე სტუმრების მხრიდან მოეწყო პრეზენტაციები პროფესიული პროგრამებისა და სწავლების ფორმების შესახებ. სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას ქართული მევენახეობისა და ქვევრის ღვინის დაყენების თაობაზე. ფრანგულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია სარესტორნო მომსახურების სფეროში არსებული პროფესიული პროგრამების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა მასტერკლასები ჩურჩხელის ამოვლებაში და კახური შოთის ცხობაში. სტუმრებმა საკუთარი ხელით ჩამოასხეს ღვინო. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს კახეთის რეგიონის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
ფრანგი სტუმრების ვიზიტი კოლეჯის „აისი“ და ფრანგული ორგანიზაციის GIP FIPAN-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. GIP FIPAN საფრანგეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, რომელიც ქალაქ ნიცაში უწყვეტი პროფესიული განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერის მიმართულებით საქმიანობს.
კოლეჯის „აისი“ და ორგანიზაცია GIP FIPAN-ის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.